logo
ENG



"6-მა პირმა ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ განაცხადა" - ომბუდსმენი გამოსახლებაზე

24 იან 202418:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/qnbfqfpueqzbqpa.jpg

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, 23 და 24 იანვარს ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს.

აპარატის განცხადების თანახმად, ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ.

"ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.

გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზეც, ასევე სამმა პირმა განაცხადა ისიც, რომ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და მათი უფლებების შესახებ არ მიაწოდეს ინფორმაცია.

სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც მიმართავს შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. 

გუშინ, 23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.

 

 

 


close დახურვა